თელავში ნაადრევი ქორწინების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას, სახელწოდებით -„ნუ წაართმევ ბავშვობას“.
კამპანიის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების და თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად საჯარო სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ, სადაც ნაადრევი ქორწინების და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ისაუბრეს.
კამპანიას თელავში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და ამ კუთხით მუშაობის გამოცდილებასა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი იზა კასრელიშვილი განმარტავს, რომ 18 დღიანი კამპანიის მიზანია ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა, ამ პრობლემასა და პოლიციისთვის დროულად შეტყობინების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
,,შსს-მ განაახლა 18 დღიანი კამპანია, ადრეულ ქორწინებასთან ბრძოლის შესახებ. მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებთან.
შეხვედრაზე დამსწრეებს ვაწვდით ინფორმაციას ნაადრევი ქორწინების ნეგატიურ მხარეებზე და აღნიშნული კამპანიის მთავარი მიზანი არის მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ამ საკითხებთან დაკავშირებით.
2018 წელს არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. უმეტესად, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ხდება შემთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას. ამ მხრივ, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირების ნაკლებობა’‘,-განუცხადა knews.ge-ს იზა კასრელიშვილმა.
საინფორმაციო კამპანია გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში ხორციელდება.