ISFED-ყველა საარჩევნო უბანზე, მასიური სახე ჰქონდა ”ქართული ოცნების” კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზებას
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2019 წლის 27 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ყველა (7-ვე) საარჩევნო უბანზე, მასიური სახე ჰქონდა ”ქართული ოცნების” კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზების და მათ მიერ ამომრჩევლის აღრიცხვის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას.
,,არჩევნების დღეს, უშუალოდ საარჩევნო უბნებზე უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესმა ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ ვითარებაში და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას, ყველა (7-ვე) საარჩევნო უბანზე, მასიური სახე ჰქონდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზების და მათ მიერ ამომრჩევლის აღრიცხვის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას.
რიგ შემთხვევებში, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას კოორდინატორები საკუთარ ავტომობილებში აწარმოებდნენ.
ლაგოდეხის 25-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ განთავსებული იყო მაგიდები, სადაც „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩეველს კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, სიების მეშვეობით აღრიცხავდნენ.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და შესაძლოა ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნას, როგორც ირიბი ზეწოლა. ამასთან, ამომრჩევლის აღრიცხვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლა-მუქარის გარემოს პრობლემურობას და მის ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესზე.
„სამართლიანი არჩევნები“ მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ წარსულში ზემო-აღნიშნული მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრის შესახებ გაკეთებული არაერთი მოწოდების და რეკომენდაციის მიუხედავად, საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პარტიული კოორდინატორების მობილიზება და ამომრჩევლის აღრიცხვის შემთხვევები კვლავ განმეორდა და მასშტაბური სახე ჰქონდა”,– ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.