არჩევნებიახალი ამბები

ირმა ნადირაშვილი- ლაგოდეხში ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხის მერი სიებს აფრიალებს უბნების წინ.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ეს არჩევნები უბნის შიგნით ნამდვილად არ ყალბდება და მათ დარღვევების გასაკონტროლებლად წარმომადგენლების დიდი რაოდენობა ჰყავთ უბანზე.

„თქვენ ხედავთ, რა ხდება ამ სოფელში, მეორედ მოსვლა გეგონებათ ისეთი ამბავია, დაშლიგინებენ დაბურულფანჯებრიანი სუს-ის მანქანები და დედოფლისწყაროს სუს-ის უფროსიც კი აქ არის ჩამოსული, როგორც ამბობენ, თავისი ნათესავი კანდიდატის მხარდასაჭერად.

მთელი ლაგოდეხის ადმინისტრაციული რესურსი აქ არის, ლაგოდეხის მერი პირადად დგას და სიებს აფრიალებს უბნების წინ, ეს აჩვენებს რა მძიმე მდგომარეობაშია ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ამ ტიპის არჩევნებში მოუხდა, რომ მთელი ადმინისტრაციული რესურსი გამოეყენებინა: გამგებლები, მერი, რაიონის საჯარო მოხელეები, მათი ნათესავები და ყველანი აქ არიან ჩამოსულები.

ეს არჩევნები უბნის შიგნით ნამდვილად არ ყალბდება, ჩვენ წარმომადგენლების დიდი რაოდენობა გვყავს უბნებში და რა თქმა უნდა, მივაქცევთ ყურადღებას, რომ იქ დარღვევები არ იყოს. ბიძინა ივანიშვილი ალბათ, დღესაც ხვდება, რომ ეს ყველაფერი აღარ უშველის. დგება მომენტი, როდესაც აღარ მუშაობს მისი ფული, აღარ მუშაობს ნათესავები და მეგობრები საჯარო სივრცეებში”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.