ლაგოდეხში შუალედურ არჩევნებში პარტიიდან „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” კანდიდატი დავით ბეგლარაშვილი იქნება
ლაგოდეხის საკრებულოს შუალედური არჩევნები აფენის თემში ოთხ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება სამ კანდიდატს შორის მოუწევს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს უფლებამოსილება საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო შეუწყდა, რის შემდეგაც დაინიშნა შუალედური არჩევნები.
არჩევნებისთვის პარტიამ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” კანდიდატად დავით ბეგლარაშვილი წარადგინა. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატთან დაკავშირება ვერ მოვახერხთ.
პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა ქოიავას განცხადებით, დავით ბეგლარაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში არ აქტიურობს და მოსახლეობასთანაც არ მართავს შეხვედრებს.
,,მართალია წარვადგინეთ კანდიდატად დავით ბეგლარაშვილი, მაგრამ არააქტიური კანდიდატია. ის მუშაობს ,,ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატის დასახმარებლად’’,- განუცხადა knews.ge-ს ხათუნა ქოიავამ.