ირმა ინაშვილი პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობას შეხვდა
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ჰესების მშენებლობის საკითხზე პანკისის ხეობაში ჩავიდნენ. ადგილობრივი მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ჯოყოლოში გაიმართა.
„პატრიოტთა ალიანსმა“ მოსახლეობას გამოკითხვის ფურცელის შევსება სთხოვა, სადაც პირადი მონაცემების დაფიქსირების შემდეგ პასუხი უნდა გასცენ კითხვას, სურთ თუ არა პანკისის ხეობაში აშენდეს ჰიდროელექტროსადგური.
დავით თარხან-მოურავი განმარტავს, რომ გამოკითხვის შედეგად გაირკვევა, ჰესის აშენების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა და განისაზღვრება შემდგომი სამოქმედო გეგმა.
„გამოკითხვის შემდეგ გავიგებთ, ხეობაში ჰესის მშენებლობა მოსახლეობის რამდენ პროცენტს არ უნდა. თუ უმრავლესობას ერთი პოზიცია ექნება, ირმა ინაშვილი დააყენებს საკითხს პარლამენტში. თუ ხალხს არ უნდა, ჰესი არ უნდა აშენდეს“, – განაცხადა თარხან-მოურავმა
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში 27 მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებს.
მათი თქმით, ხეობისთვის ჰესის მშენებლობა ეკოლოგიური კატასტროფის მომტანი იქნება. ისინი ასევე შიშობენ, რომ სასმელი და სარწყავი წყალი შეუწყდებათ.
ფოტო: 1tv