2 ნოემბერს თელავში ჭაჭის ფესტივალი გაიმართება
2 ნოემბერს თელავში ჭაჭის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები, გაიმართება „ზაოდობა“ და მომზადდება კახური სამზარეულოს კერძები. ფესტივალი საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით ტარდება.
მათივე თქმით, ფესტივალი „ჭაჭა“ მოიცავს მცირე თეატრალიზებული წარმოდგენებს, რომელიც გააცოცხლებს კახეთის რეგიონის ეთნოგრაფიას, ტრადიციას და რიტუალებს. კონკრეტულად კი კახელი გლეხების ურთიერთდამოკიდებულებას, კახეთის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული გლეხების მიერ ჭაჭის გამოხდის პროცესს.
,,ფესტივალის ფარგლებში ქართულ ნატურალურ პროდუქტს „ჭაჭა“, როგორც რეგისტრირებულ დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნას პოპულარიზაციას გაუწევს და პრეზენტაციას გააკეთებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები.
გაიმართება დიდი კახური „ზაოდობა“, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება თითოეულ ტურისტს სურვილისამებრ. ჭაჭის გამოხდასთან ერთად გაიმართება კახური სამზარეულოს კერძების დამზადება.
ფესტივალის მიმდინარეობისას მთელი დღის მანძილზე 12-00 საათიდან 18-00 საათამდე ღონისძიებას წარუძღვება თელავის თეატრის წამყვანი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ვანო იანტბელიძე. გაიმართება კონცერტები ხალხური ცეკვის და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით.
ფესტივალის მსვლელობისას ჟიურის წევრები ჩაატარებენ ვორქ-შოფებს, რათა ქართულ ნატურალურ პროდუქტს – ყურძნის ბრენდს „ჭაჭა“-ს გაუწიონ მეტი პოპულარიზაცია და მოწვეულ სტუმრებს გააცნონ ამ ნატურალური ქართული პროდუქტის ისტორია, მისი სასარგებლო თვისებები და შეაყვარონ იგი”,- განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
ფესტივალის მიმდინარეობისას იმუშავებს ჟიური, რომლის წევრები დააგემოვნებენ და ცალკ-ცალკე შეაფასებენ კახეთის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული გლეხების გამოხდილ ჭაჭას და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ გამოხდილ ჭაჭას.
ფესტივალის დასასრულს 18-00 საათზე გაიმართება კონცერტი მაკა ზამბახიძეს და ჯგუფი NON STOP-ის მონაწილეობით.