დიდი ბრიტანეთის ელჩმა თელავში შეხვედრები გამართა
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი თელავს ეწვია. ის ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სტუდენტებს და მოსწავლეებს შეხვდა.
ჯასტინ მაკკენზი სმიტი ასევე ქალაქ თელავის ცენტრალურ ნაწილში, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით განთავსებულ ,,მოძრავ საელჩოს” ესტუმრა და ახალგაზრდებს გაესაუბრა.
,,მოხარული ვარ ლამაზ კახეთში ყოფნით. თელავში მოვაწყეთ ,,მოძრავი საელჩო”, რომელიც იმართება 2019 წლის ბრიტანეთის დღეების ფარგლებში. ეს მიზნად ისახავს სიახლეების აღმოჩენას უკვე ნაცნობი დიდი ბრიტანეთის შესახებ”,- განუცხადა Knews.ge-ს დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.
დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი სოფიო ბერიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის დღეების ფარგლებში რომელიც საქართველოში 3 თვის განმავლობაში იმართება 60-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიება ტარდება.
,,ეს არის ,,ბრიტანული შემოდგომის” სეზონი, როლის ფარგლებშიც მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება სხვადასხვა რეგიონში. ღონისძიებები მოიცავს ახალი თაობის ბრიტანული მუსიკის, კინოს და ხელოვნების გაცნობას.
ეს ხორციელდება იმისთვის, რომ საქართველოს გავაცნოთ დიდი ბრიტანეთი. გარდა ამისა, ,,მოძრავი საელჩოების” კონცეფცია არის ერთ-ერთი ნაწილი ამ სეზონის, რომელიც გვქონდა თბილისში, გურიაში, ბათუმში. ელჩი ასევე ხვდება მოსახლეობას, სტუდენტებს და ცვლის ინფორმაციას, არასამთავრობოებს, მედიას და სხვა”,- განუცხადა Knews.ge-ს სოფიო ბერიშვილმა.