წინანდალში Jazz & Wine ფესტივალი გაიმართება
19 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში რიგით მესამე ფესტივალი „Jazz and Wine“ გაიმართება.
ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ოზ ნოის ტრიო ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად, ბრიტანული ჯგუფი “MF ROBOTS” და იტალიური ბენდი “Sugerpie & Candymen” მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, Jazz and Wine“-ის ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება.
მათივე თქმით, ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე სტუმრებს საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო კი სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს.
,,წელს “Jazz & Wine“-ის პარტნიორია ქართული ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“, რომელიც სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტის, ტესლა მოდელ 3 -ის გამოცდას გეგმავს. ელონ მასკის ტესლა მოდელ 3 უკვე აიქარის გაზიარების სერვისშია.
ფესტივალის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს, მხოლოდ წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა გამოცადოს ელექტრომობილი და ნახოს მისი უნიკალური შესაძლებლობები.
ფესტივალის ფარგლებში 19 ოქტომბერს 13:00-დან 15:00 საათამდე, წინანდლის პარკში გაიმართება ტესლას მოდელი 3-ის ტესტ-დრაივი, 14:00 საათზე, წინანდლის მამულის ამფითეატრში ჩატარდება Sugerpie & Candymen-ის კონცერტი, ასევე მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაცია და იტალიელი მაურიციო სიცილიანოს კულინარიული შოუ, 19:00 საათზე კი წინანდლის მამულის ამფითეატრში ჩატარდება ოზ ნოის ტრიოს კონცერტი ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად და 22:00 საათზე MF ROBOTS”-ის შოუ”,-აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.