ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მომავალ წელს დასრულდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.
უწყების ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობას.
“პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, გათბობა-ვენტილაციის, შიდა და გარე განათების, ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.
ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას და იქმნება საცობი. პროექტის დასრულების შემდეგ კი სრულად მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის”, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.8 მილიონი ლარია.