სოფელ ქოდალოს ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ მაია ბეროშვილმა აქცია ,,აჩუქე წიგნი შენი სოფლის ბიბლიოთეკას’’ წამოიწყო.
მაია ბეროშვილმა ხელფასიდან უკვე მეხუთე სოფლის ბიბლიოთეკას უყიდა წიგნები. ის ასევე საზოგადოების აქტიურ წევრებს მიმართავს და მოუწოდებს ხელფასიდან სოფლის ბიბლიოთეკებისთვის წიგნების ყიდვის აქციაში ჩაერთონ.
მაია ბეროშვილის თქმით, მან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოდალოს ბიბლიოთეკას, 15 ახალი წიგნი გადასცა.
,,ამ ეტაპზე ჯიმითის, ნანიანის, ქოდალოს, ვეჯინის და ზეგაანის ბიბლიოთეკას გადავეცი წიგნები. ყოველ თვე თითო ბიბლიოთეკას ჩემი ხელფასიდან 100 ლარის წიგნს ვჩუქნი. წიგნებს ყოველთვე გადავცემ სხვადასხვა ბიბლიოთეკას. ეს გაგრძელდება მანამდე სანამ ხელფასი მექნება.
ძალიან მინდოდა ამ პროცესში სოფლის დეპუტატები ჩართულიყვნენ და ჩემთან ერთად ყველას თავისი სოფლისთვის ეყიდა წიგნები, გავაჟღერე ეს ინიციატივა მათთან მაგრამ ჯერ არავინ აქტიურობს. კარგი იქნება სხვებმაც გაიაზრონ ეს საკითხი და აქციასი მიიღონ მონაწილეობა. ბიბლიოთეკებს მართლა ჭირდება ახალი წიგნები. რაც მეტი ადამიანი დაეხმარება მით უკეთესი’’,– განუცხადა knews.ge-ს მაია ბეროშვილმა.