ვენახების კადასტრის ამონაწერის აღების ვადა ორ კვირაში დასრულდება
2019 წლის რთველის დროს „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის“ მიკროზონების ყურძნის ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კადასტრის ამონაწერის დასამოწმებლად, მევენახემ მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ შესაბამის სამსახურებს 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიმართოს, რომლებიც განთავსებულია საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში ყვარელსა და გურჯაანში, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების საკრებულოებში: ველისციხე, კალაური, ვაჩნაძიანი, ჩუმლაყი, ვაზისუბანი, ახაშენი, მუკუზანი და შაშიანი.
სააგენტოს ინფორმაციითვე, ასევე შექმნილია კადასტრის მობილური ჯგუფი, რომელიც გადაადგილდება გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებში.
,, აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა განსაზღვრულია: 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი, შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის მასალა. ამონაწერი გაიცემა უფასოდ.
საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას”, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.