ლაგოდეხში სასტუმრო-კომპლექსი შატო ,,ყირამალა’’ შენდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ მაწიმში ღვინის მარანი და ტერასა შატო,,ყირამალა“ გაიხსნება. კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია და მომავალ წელს დასრულდება.
სასტუმროს მფლობელი, ზურაბ მუმლაძე განმარტავს, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე აშენდება კოტეჯები, მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სხვადასხვა სახის სივრცე, მარანი, ეზო და ბილიკები.
ზურაბ მუმლაძე ფიქრობს, რომ კომპლექსით ტურისტების დაინტერესება დიდი იქნება, რადგან ლაგოდეხში მსგავსი ტიპის დაწესებულება არ ფუნქციონირებს.
,,იქიდან გამომდინარე, რომ ლაგოდეხს აქვს ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი, გადავწყვიტეთ აღნიშნული პროექტის განხორციელება. ევროკავშირის სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გრანტი მივიღეთ და აგრეთვე ჩავერთეთ პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში’’. მათი დახმარებით დავიწყეთ სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა’’,-განუცხადა knews.ge-ს სასტუმროს მფლობელმა ზურაბ მუმლაძემ.
მისივე თქმით, კომპლექსის ადგილზე ადრე სასტუმრო ,,ყირამალა“ ფუნქციონირებდა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ასევე მეზობელ ქვეყნებში.
,,ეს ადგილი გვქონდა ჩვენ საკუთრებაში და გადავწყვიტეთ აგვეშენებინა კომპლექსი. აქ იყო ადრე რესტორანი ,,ყირამალა’’, რომელიც საკმაოდ ცნობილი იყო და ბევრი ადამიანი სტუმრობდა. სახელი იგივე დავტოვეთ. სასტუმროს ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი ეზოა, სადაც მოეწყობა დასასვენებელი ადგილები, დაიდგმება სკამები, გაკეთდება პატარა ხიდები და სხვა.’’
კომპლექსის მფლობელი განმარტავს, რომ აღნიშნული პროექტი ინოვაციურია, რადგან მსგავსი ტიპის სასტუმრო ლაგოდეხში არ არსებობს.
,,სასტუმროს ტერიტორიაზე იქნება კოტეჯები და ქვევრის ფორმის საცურაო აუზი, რაც ვფიქრობთ დააინტერესებთ ტურისტებს.
გარდა ამისა, ვაშენებთ მარანს, სადაც გვექნება ქვევრები და ტურისტებს შევთავაზებთ ღვინის დეგუსტაციას. აქ მოსულ ტურისტს შეეძლება მოვიდეს, დაისვენოს, მიიღოს სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა, დააგემოვნოს ტრადიციული სასმელები და კერძები. ასევე ახლოს გვაქვს ტბა, რომელიც დღეს უმოქმედოა.
ვგეგმავთ ამ ტბის გაწმენდას, იქ სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას და ტურისტს შეეძლება გაისეირნოს და ტბაზე ითევზაოს’’,- განაცხადა ზურა მუმლაძემ.