საგარეჯოში ძაღლს სავარაუდოდ ფეხები მოაჭრეს და ცეცხლი წაუკიდეს
საგარეჯოში, ძაღლს სავარაუდოდ ფეხები მოაჭრეს და ცეცხლი წაუკიდეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელ Facebook-ში მომხმარებელმა მეგი ლომსაძემ გაავრცელა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე ფაქტის შესწავლა დაიწყო და ამ დროისთვის მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვები.
ცნობისთვის, ცხოველებისა და ფრინველების წამებასა და მოკვლაზე სასჯელი გამკაცრებულია.
ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით. ცვლილებების მიხედვით, ცხოველის მოკვდინების შემთხვევა ჩაითვლება საქართველოს სისხლის სამართლის 259-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებად და აღნიშნული “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 104-ე მუხლით გათვალისწინებული აღარ იქნება.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის თანახმად: ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, – ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე