სოფელ გურჯაანის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
სოფელ გურჯაანში სახასოს უბნის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ. მათი თქმით, წყალი შეფერხებით მიეწოდებათ.
ადგილობრივები დახმარებას შესაბამის სამსახურებს სთხოვენ.
,,წყლის პრობლემა წლებია გვაქვს, ცოტა ხნის წინ თითქოს მოგვარდა, გაკეთდა ჭაბურღილი, მაგრამ აქ პრობლემა წყლის მართვის სისტემაა, ეს არის შესაცვლელი. სათავეზე წყლის რეზერვის ავსებას 5 საათი უნდება, რადგან ახლა ზაფხულია, მოთხოვნა დიდია და ეს მარაგი არავის არ ყოფნის”,- აცხადებენ ადგილობრივები.
ისინი წყლის სარეზერვო ავზის დღეში რამდენჯერმე ავსების აუცილებლობაზე საუბრობენ, რომლის დახმარებითაც სოფლის მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება არ შეფერხდება.
,,აუცილებელია ავზის ორჯერ ან სამჯერ ავსება, რომ მოსახლეობისთვის საკმარისი იყოს. ადგილობრივები, რომლებიც სოფლის ქვემოთ ცხოვრობენ, წყლით ადვილად მარაგდებიან, ცენტრალურ გზაზე კი ვინც ცხოვრობს, იმათთვის შეფერხებულად მოდის, რადგან წნევა აღარ ყოფნით”,– ამბობს ადგილობრივი ლეილა რუაძე.
მუნიციპალური სერვისის ხელმძღვანელი, თამაზ აბრამიშვილი აცხადებს, რომ სოფელ გურჯაანში წყალმომარაგებისთვის მათ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო განახორციელეს.
ის წყალმომარაგების პრობლემას სისტემის გაუმართავობასთან ერთად, მოსახლეობის მიერ წყლის არამიზნობრივად გამოყენებასაც უკავშირებს.
,,ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სოფელ გურჯაანის მოსახლეობის წყალმომარაგება მომხდარიყო: შეიცვალა ჭაბურღილზე წყალსაქაჩი, ორჯერ ივსება დღეში ავზი და მიეწოდება მოსახლეობას.
მიწოდებაც რეგულირდება უბნების მიხედვით. პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობა წყალს არამიზნობრივად იყენებს, ზოგს ონკანი არ აქვს კარგი, ზოგიც არ კეტავს და იკარგება დიდი რაოდენობით წყალი ”,– აღნიშნავს თამაზ აბრამიშვილი.