საზოგადოებრივი აზრის კვლევა- მოსახლეობის 71 % ევროკავშირს ენდობა
საქართველოს მოსახლეობის 80 მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან, – ასეთია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კვლევამ საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.
საქართველოში 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში ჩატარდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა 2019 წლის თებერვლიდან აპრილამდე და ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1 000 ადამიანისგან შემდგარ შერჩეულ ჯგუფებში ქვეყნის მასშტაბით.
,,კვლევის ძირითადი შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 % მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან; საქართველოს მოსახლეობის 71% ენდობა ევროკავშირს (ეს შედეგი უცვლელია 2018 წლის შემდეგ); საქართველოს მოსახლეობის 50 % დადებითი აზრისაა ევროკავშირზე და მხოლოდ 4 % გააჩნია უარყოფითი აზრი.
ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 74% (16 პროცენტით მეტი 2018 წელთან შედარებით) ინფორმირებულია, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას და 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტიანია.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში მოცემულია კვლევის ძირითადი შედეგები საქართველოში და ბმულები, დამატებითი დეტალები მოყვანილია ინფოგრაფიკებში და ანგარიშში”,- აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციითვე, უკვე ოთხი წელია კვლევები ყოველწლიურად ტარდება.