გერმანული მედია – “მოსკოვის გავლენების გაზრდამ საქართველოში მასობრივი პროტესტი გამოიწვია”
სამართალდამცველების მიერ თბილისში აქციის მონაწილეების დაშლა მსოფლიო მედიის ობიექტივშია.
მთელი დღეა გავლენიანი გამოცემები მომხდარის შესახებ იუწყებიან, ამერიკული მედიის გარდა, პროცესებს ვრცელ სტატიებსა და სიუჟეტებს უძღვნიან გერმანული გაზეთები თუ საინფორმაციო სააგენტოები.
“კობახიძის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციები ძალის გამოყენებით დაარბიეს’’ – ასე ეხმაურება მოვლენებს, ცნობილი გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung.
გაზეთი წერს, რომ მომიტინგეები, რომლებიც ევროკავშირის დროშებით იდგნენ რუსთაველის მოედანზე, ცრემლმდენი გაზით, რეზინის ტყვიებით და წყლის ჭავლით დაშალეს.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ დემონსტრაციის გამომწვევი მიზეზი, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის მიწვევა გახდა, სადაც მან სესია რუსულ ენაზე გახსნა. გაზეთს საქართველოში გერმანიის ელჩის კომენტარიც მოჰყავს. ჰუბერტ კნირში აცხადებს რომ, დაძაბულ ვითარებას შეშფოთებულნი ადევნებენ თვალს.
გავლენიანი გაზეთი Zeit იუწყება, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიცია სამხედრო ტექნიკით მივიდა. პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციის დარბევის შედეგად კი ათობით ადამიანი მძიმედ დაშავდა, დაკავებულია უამრავი მომიტინგეც. ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს, რომ დემონსტრაციაზე ანტირუსული შეძახილები მასობრივად ისმოდა.
გამოცემა მკითხველს უყვება, რომ აქციების მიზეზი დუმის დეპუტატის საქართველოში ვიზიტი გახდა. ჟურნალისტის თქმით, სერგეი გავრილოვი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი და პუტინის თანამზრახველია, ხოლო ვლადიმერ პუტინი ქართველების უმეტესობაში სიძულვილს იწვევს.
საქართველოში რუსული გავლენების გაზრდაზე წერს გერმანული გაზეთი Welt-ც. ცნობილი გამოცემის ცნობით, სწორედ რუსეთის გავლენების მომატებით გამოწვეულმა შიშმა მიიყვანა ქართველები იმ ზომამდე, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოეთხოვათ და შენობაში შეჭრა ეცადათ.
გერმანული „დოიჩე ველე” კი იუწყება, რომ რუსული დელეგაციის ვიზიტით შეურაცხყოფილი ათასობით ადამიანი პროტესტის გამოსათქმელად შეიკრიბა.