ახალი ამბები

ნუ გვესვრი- თბილისსა და რეგიონებში ჟურნალისტები აქციას გამართავენ

,,ნუ გვესვრი”- ამ სახელწოდებით თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან და რეგიონებში ჟურნალისტები აქციას გამართავენ.

ჟურნალისტები მოითხოვენ იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

,,ასევე მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებისა და ხელშეშლის ფაქტებზე.

ჟურნალისტების აქცია ასევე თბილისის გარდა გაიმართება: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, ახალციხეში, ხარაგაულში, კახეთში”,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქცია 15:00 საათზე დაიწყება.