ადვოკატი – ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი შეცდომით წაუყენეს და მას მალე გამოუშვებენ
ყანდაურაში ცოლის-შვილის, რძლისა და ორი ნათესავის მკვლელობაში ბრალებული 85 წლის ომარ გამყრელიძის ადვოკატი გილერ ენდელაძე აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი შეცდომით წაუყენეს და მას მალე გამოუშვებენ.
ენდელაძის ინფორმაციით, მკვლელობის იარაღზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის დნმ არ ამოვიდა. ადვოკატი აცხადებს, რომ 85 წლის ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია.
„გამოძიება დასრულებული არ არის, თუმცა, მალე დასრულდება და გამოიკვეთება, რომ დაკავებულის მიმართ ბრალი შეცდომით არის წაყენებული. სიმართლე მალე გაირკვევა.
ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გამოძიება სწორ გზაზე დადგება და მალე დაკავებულებს გამოუშვებენ. ომარ გამყრელიძე დამნაშავე არ არის, ეს არ დასტურდება და ვერც დადასტურდება. ომარ გამყრელიძეს ეს საშინელი მკვლელობა არ ჩაუდენია, ეს საქმის მასალებიდანაც ჩანს“, – განაცხადა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლის იარაღით მოკლა, საწოლს მიჯაჭვული ცოლი კი დაჭრა, რომელიც 12 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბრალდებული პოლიციამ იმავე დღეს დააკავა. ომარ გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამყრელიძის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო,თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებას.
შემთხვევიდან ცოტა ხანში დააკვეს ომარ გამყრელიძის შვილიშვილი, მეორე შვილზე კი ძებნა გამოცხადდა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი