დავით კირკიტაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის პროცესი დასრულდა.
კირკიტაძე საპროცესო შეთანხმების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ნუნუ ნემსიწვერიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრს 2 წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.
„ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, გამეთავისუფლებინა გზა აქციის მომიტინგეებისთვის და მიმეცა საშუალება თელავში ჩასულიყო ხალხი, რომელიც მიდიოდა ყველაზე უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად.
მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ აღგვიკვეთა გადაადგილების უფლება, მაინც გულწრფელად, ადამიანურად ვწუხდი, რომ ეს დაპირისპირება მოხდა ჩემსა და პოლიციელს შორის. ჩვენ პოლიციელის პრესტიჟზე ძალიან ვზრუნავთ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომელებიც პოლიციას აყენებენ იმ მდგომარეობაში, რომ ადამიანებთან შევიდნენ დაპირისპირებაში.
ჩემი და ჩვენი პატივისცემა კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო რიგით პოლიციელებს და არა მათ უფროსებს, რომლებმაც ისინი ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძემ ბრალი დღეს აღიარა და მომხდარი ფაქტის გამო ბოდიში მოიხადა, რის გამოც სახელმწიფო ბრალდებამ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობა დააყენა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან მოსამართლის განჩინებით გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. კირკიტაძეს გამოძიება ინციდენტის დროს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი