დავით გარეჯთან დაკავშირებით ბაქოში შეხვედრა გაიმართება
დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, ბაქოში შეხვედრას გამართავენ.
კომისიის ქართულ მხარეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ახალი ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.
კომისია, რომლის შემადგენლობაც 20 წევრისგან განისაზღვრა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 10 მაისს დაამტკიცა.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სამთავრობო კომისია 1996 წლიდან მუშაობს. ამ დროისთვის ტერიტორიის 30% დასაზუსტებელია, მათ შორის, განსაკუთრებული დავის საგანი ის ტერიტორიაა, სადაც სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი მდებარეობს.
ადგილობრივმა გიდმა ზვიად ანანიაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, კერძოდ კი ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით, აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო.
დავით გარეჯში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკანიანმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, გზის გასაყვანად ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი