საგარეჯოს საკრებულომ სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის ადგილები განსაზღვრა
19 მაისს კახეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ხალაწანისა და ომალოს მოსახლეობა წარმომადგენლობითი ორგანოს მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ სააგიტაციო მასალის გასაკრავად/გამოსაფენად ადგილების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულოში აცხადებენ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის გასაკრავად/გამოსაფენად განისაზღვრა ადგილები.
“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს სააგიტაციო მასალების განთავსება შეუძლიათ კულტურის სახლის ფასადებსა და მათ კაპიტალურ მესერზე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებების კაპიტალურ მესერზე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მათ კაპიტალურ მესერზე, მათი ადმინისტრაციული შენობების გარდა.
ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსებულ ელექტრო ან სხვა დანიშნულების ბოძებზე – სამი მეტრის სიმაღლემდე დაშვებით, მაგრამ თუ ბოძზე დამონტაჟებულია კვანძები, სადენებთან და სხვა ელმოწყობილობებთან არა უმეტეს ერთი მეტრის სიახლოვისა.
ბეჭვდითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, გარდა ამავე განკარგულებით აკრძალული შენობა-ნაგებობებისა.
საარჩევნო სუბიექტებმა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალების განთავსება/გაკვრა იმ ფორმით, რომ დაცული იყოს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილებით’’,- აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში.