სტიქიამ თელავს 4 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიაყენა
თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 4 მილიონ ლარს აჭარბებს, – განაცხადა თელავის მერმა.
შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელს კვლავ არ მიეწოდება სასმელი წყალი და მოსახლეობას სასმელ წყალს რეზერვუარით აწვდიან, პრობლემის მოგვარებას კი, მეწყრული პროცესები აფერხებს. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები საავტომობილო გზის იმ მონაკვეთებზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა.
“ამ ეტაპზე ყველაზე პრობლემურ ადგილებში მუშაობს ტექნიკა, ჯერ კიდევ არის ისეთი მონაკვეთები, სადაც წყლის დონე მაღალია და ნაპირსამაგრ სამუშაოებს ვერ ვიწყებთ. ზარალი საკმაოდ დიდია, ამ დროის მონაცმებით, მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 4 მილიონს აჭარბებს. ჯერ კიდევ უწყლოდ არის დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი, რადგან წყლის სათავებამდე მისვლას ვერ ვახერხებთ. ასევე პრობლემურია ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, რომელიც მდინარე სტორმა დაანგრია. ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, თუმცა ველოდებით დამატებით ძალებს”, – აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.
ბოლო დღეების განმავლობაში უხვნა ნალექმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი, მათ შორის, თელვი დააზარალა.
მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადზე წყლის დონის საგრძნობლად მატების შედეგად სოფელ ფშაველში, სანიორეში, ართანაში, ლალისყურსში, ნაფარეულსა და ლეჩურში სასოფლო- სამეურნეო სავრგულები დაიტბორა.
ამასთანავე მდინარე სტორმა კალაპოტი გაარღვია და სოფელ ლეჩურში, თუშეთისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი წაიღო.