დავით გარეჯის 18 ტაძარში ერთდროულად წირვა-ლოცვა აღევლინა
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 18-ვე ტაძარში ერთდროულად წირვა-ლოცვა აღევლინა. სასულიერო პირები დღეს დავით გარეჯში ჩავიდნენ.
გადაწყვეტილება კი სამღვდელოებამ მას შემდეგ მიიღო, რაც სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა თვითნებურად დაიკავეს.
სასულიერო პირების მისვლისთანავე აზერბაიჯანულ მხარეს ვერტმფრენები გამოჩნდა.
მეუფე იობმა საკუთარ ქადაგებაში აღნიშნა, რომ თუ აზერბაიჯანული მხარე არასწორი პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს, შესაძლოა, ვითარება რელიგიურ კონფლიქტშიც გადაიზარდოს. მისი თქმით, ეს არ იქნება ხანმოკლე და ის იქნება მუდმივი კონფლიქტი.
„დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ ამ წმინდა მოწამეთა სისხლით გაჟღენთილ მთას და გამოქვაბულებს გვართმევენ. წართმევა უნდათ, მაგრამ გააზრებულიც კი არ აქვთ, რას აკეთებენ, წარმოდგენაც კი არ აქვთ. ისინი არ უყურებენ მათ თანამემამულეებს, თითქმის, ნახევარი მილიონია საქართველოში, არ უყურებენ ჩვენს დამოკიდებულებას, ურთიერთობას სახელმწიფოებს შორის. ყველაზე მთავარი მათი ეკონომიკის ერთ-ერთი ძარღვი გაზი და ნავთობი გადის ჩვენს ქვეყანაზე.
„ბევრ რამეს არ უყურებენ, განსაკუთრებით იმას, რომ იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი. ჩემი აზრით, ამას ვიღაცა მართავს. ეს არც აზერბაიჯანის მხარეს არ აწყობს, არც საქართველოს მხარეს არ აწყობს. საქართველოსია ის, მაგრამ აქ დავით გარეჯას არანაირი პრობლემა არ ექმნება, მათ არ აქვთ პრეტენზია დავით გარეჯის მონასტერზე, აქ საუბარია მთელ კომპლექსზე, ეს არის ბერობის აკვანი,“ – განაცხადა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა.
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
„შეიძლება ეს გადაწყდეს, რომ გარეჯის უდაბნო, რომელსაც არანაირი საშიშროება არ ემუქრება, დარჩეს საქართველოს და იტყვის სახელმწიფო, რომ აი, ჩვენ მოვაგვარეთ, დავით გარეჯაზე ხომ გქონდათ პრობლემა, მათ არ აქვთ პრეტენზია დავით გარეჯის მონასტერზე. აქ საუბარი არის ამ თხემის იქით, მთელ კომპლექსზე, ეს არის ბერობის აკვანი. ეს არის ჩვენი ერის სულიერი მასაზრდოებელი ადგილი, ეს არის ჩვენი იერუსალიმი. თუ ხელისუფლება ემსახურება ქვეყანას, ჩვენ ასეთ ხელისუფლებას გვერდში უნდა დავუდგეთ, თუ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიდის მოვლენები, მაშინ ხალხმა და ერმა და ბერმა ერთად უნდა გადავწყვიტოთ ის გასაკეთებელი, რაც ქვეყანას სჭირდება. მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ. სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს,” – განაცხადა მეუფე იობმა.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის კომპლექსის სადავო ნაწილს ამ დრომდე ისევ მეზობელი ქვეყნის სამხედროები აკონტროლებენ.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ აღდგომის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კელიებში ტურისტებს და დამთვალიერებლებს 4 დღის განმავლობაში აღარ უშვებდნენ.
მაშინ, დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწე არქიმადრიტმა კირონმა და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ეს ფაქტი გარეჯში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს დაუკავშირა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში 20 აპრილს იმყოფებოდა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი