გზების დეპარტამენტი – თუშეთის გზა ნაშალი მასისგან დღის ბოლომდე გაიწმინდება
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე ჩამოსული დიდი ზომის ლოდების დაშლის სამუშაოები უკვე დასრულდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, გზა ნაშალი მასისგან იწმენდება და ეს პროცესი დღის ბოლომდე დასრულდება.
თუშეთთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გაწმენდითი სამუშაოები წელს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დროებით შეფერხდა და 15 აპრილს დაიწყო. უწყებაში განმარტავენ, რომ ხელისშემშლელი გარემოებები იყო უხვი ნალექი და გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე დიდი ზომის ლოდების ჩამოცვენა, 56-ე კმ-ის ზემოთ კი ჯერ ისევ თოვლი დევს. მათი ინფორმაციით, მსგავსი სირთულეები წინა წლებში არ დაფიქსირებულა.
„ამ ეტაპზე, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მონაკვეთზე და თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგება.
სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია არსებული ხელშეკრულების ფარგლებში აწარმოებს. ტენდერის შედეგად გამოვლენილ ახალ კონტრაქტორთან ხელშეკრულება 7 მაისს გაფორმდება და იგი გზის წმენდას უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გაწმენდის მოთხოვნით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში დღეს, 12 საათზე, აქციაა დაგეგმილი. თუშები გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარებას ითხოვენ.
ისინი ამბობენ, რომ თუ გზა გვიან გაიხსნება, ტურისტების რაოდენობა შემცირდება და ამავე დროს ცხვარი თუშეთში გვიან გადავა.
2019 წლის 6 მარტს გზების დეპარტამენტმა ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც კომპანია “არილმა” გაიმარჯვა, თუმცა მასთან ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა. 2019-2020 წლებში თუშეთის გზის მოვლა-პატრონობისთვის 1 მილიონ 30 000 ლარია გათვალისწინებული. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა აბანოს უღელტეხილზე ზღვის დონიდან 2950 მეტრზე გადის და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია. მისი გაწმენდა, კლიმატური და რელიეფური პირობების გამო, ზამთრის პერიოდში ვერ ხერხდება და შესაბამისად გზა ნოემბრიდან მაისამდე ჩაკეტილია. ადგილობრივებს ზამთარში ახმეტიდან თუშეთში მოხვედრა მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შეუძლიათ.
წელიწადის სხვა დროს გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის.
ნიკოლოზ ესიტაშვილი