უცნობია, როდის დაიწყება თუშეთის გზის გაწმენდა
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ყოველ წელს მაისის ბოლომდე იწყება, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, როდის დაიწყება ეს პროცესი.
თუშეთის გზის მოვლა-პატრონობა ახალ კომპანიას დაევალა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს ,,არილიმ“ გაიმარჯვა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა და ეს პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, როცა დარწმუნდებიან, რომ კომპანია არსებულ ვალდებულებების სრულყოფილად შეასრულებს.
ამ მიმართულებით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.
ლადო კახოიძის განმარტებით, ახალ კომპანიას გზის გაწმენდა არ დაუწყია, რის გამოც შესაძლოა თუშეთში მოქმედ ტურისტულ ობიექტებს პრობლემები შეექმნათ, რადგან ტურისტს მათთან დროულად მისვლის პრობლემა შეექმნება.
,,იმ კომპანიის თანამშრომლები, რომელიც პასუხისმგებელია გზის მოვლაზე, ადგილზე არიან მობილიზებული და როგორც სადმე გზის პრობლემა შეიქმნება მაშინვე მიდიან და მუშაობას იწყებენ. არ გვაქვს ინფორმაცია, წელს რა მოხდება და როდის დაიწყება სამუშაოები გზის გაწმენდისთვის.
ადრე სამუშაოები იწყებოდა მარტის შუა რიცხვებისთვის, წელს კი ამ დრომდე არ დაწყებულა. ეს თუშეთში ტურიზმის კუთხით პრობლემებს შექმნის. გზა აქამდე უნდა იყოს გაწმენდილი, იმიტომ რომ ამაზე არიან დამოკიდებული საოჯახო სასტუმროები, მეცხოველეობის სფეროში დასაქმებულები, მეკარტოფილეობით დაკავებულები, სასაზღვრო პოლიცია და სხვა. მაგალითად: ცხვარს აქვს თავისი დრო და მიგრაციის პერიოდი ზამთრის საძოვრებიდან ბარისკენ.
რომ დაგვიანდება გზის წმენდა და აპრილის ბოლოს ცხვარი გადაადგილებას დაიწყებს, ეს დიდ პრობლემებს შექმნის, რადგან შესაძლებელია ცხვრის დაავადებები გაჩნდეს სიცხეში გადაადგილების დროს. დაგვიანებული სამუშაოები კატასტროფულ შედეგებს მოიტანს ტურიზმის სფეროში დასაქმებულებისთვისაც’’,-განუცხადა „კახეთის ხმას“ ლადო კახოიძემ.
მერის წარმომადგენელი მთავარ პრობლემად და გამოწვევად სწორედ თუშეთთან სატრანსპორტო კავშირის მოუწესრიგებლობას ასახელებს. მისი თქმით, 7 თვის განმავლობაში გზა უამინდობის და დიდთოვლობის გამო დაკეტილია, რაც თუშეთში ტურიზმის განვითარებას აფერხებს, გაწმენდითი სამუშაოების დაგვიანება კი პრობლემებს შექმნის.
,,ნოემბრიდან 7-8 თვის განმავლობაში ფშაველი-აბანო-ომალოს თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაკეტილია. ზაფხულში და ზამთარში ნალექის მოსვლის შედეგად ხდება გზის ჩამოშლა, სავალი ნაწილი იფარება ქვიშით და დიდდება ხევები, რასაც მოსდევს გზების გადაკეტვა.
ხშირ შემთხვევაში გზის 56-ე კილომეტრზე აქტიურდება არსებული მეწყერი, რომელიც აფერხებს გადაადგილებას. ისედაც წლის უმეტესი დრო თუშეთში მგზავრობა შეზღუდულია და სამუშაოების დაგვიანება ამ დროს წელს კიდევ უფრო შეამცირებს.’’
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ახალი ტენდერის გამოცხადების მიზეზს უკავშირებს თუშეთის გზაზე არსებულ გარკვეულ პრობელემებს, რომელთა მოგვარებაც ამ დრომდე პასუხისმგებელი კომპანია „გერალისთვის“ სირთულეს წარმოადგენდა.
დავით აბულაძის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე დარჩენილია გარკვეული სახის პროცედურები, რის შემდეგაც კომპანია მუშაობას დაიწყებს.
,,როგორც ძველი ასევე ახალი ტენდერი გამოცხადებული იყო საგზაო დეპარტამენტის მიერ. ტენდერი მიზნად ისახავდა თუშეთისკენ მიმავალი გზის მოვლის და გაწმენდის სამუშაოებს 72 კილომეტრი სიგრძის გზაზე. შპს ,,გერალი“ 3 წლის განმავლობაში ახორციელებდა გზის გაწმენდის სამუშაოებს პერიოდულად. ახალი კომპანია შპს ,,არილი“ გამოვლენილია ტენდერში, თუმცა ხელშეკრულების დადებისთვის გარკვეული სახის პროცედურები არ არის დასრულებული. რაც შეეხება წინა კომპანიის მუშაობას, აღნიშნულ გზაზე არის რთული მონაკვეთები, მეწყრული ადგილები და ეს ქმნიდა ყოველ წელს დაუძლეველ პრობლემებს წინა კომპანიისთვის. თუმცა გაწმენდითი სამუშაოები მათ მიერ შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის აქტიურად მიმდინარეობდა’’,- აღნიშნა „კახეთის ხმასთან“ საუბრისას დავით აბულაძემ.
ტენდერის პირობების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 30 000 ლარია, საიდანაც საავტომობილი გზების დეპარტამენტის მიერ გამოყოფილია 1 მილიონი ლარი, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ – 30 000 ლარი.
გასულ წელს თუშეთის გზის მოვლა-პატრონობას კომპანია ,,გერალი” ახორციელებდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ისინი სამუშაოებს კიდევ ორი კვირა შეასრულებენ.