გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა განახლდა
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდა.
სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებს განიხილავს და მოწმეებს გამოკითხავენ. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
კირკიტაძის ადვოკატები სხდომის დახურვას კანონის დარღვევად მიიჩნევენ, რის გამოც მათ სხდომის საჯაროობის შუამდგომლობა კიდევ ერთხელ დააყენეს. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ სხდომების დახურვის გადაწყვტილება 3 აპრილს მიიღო.
დღევანდელ სასამართლო სხდომას თავად დავით კირკიტაძეც ესწრება.
წინა სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი რვა მოწმე უკვე დაიკითხა. ადვოკატის, ბაადურ გულიაშვილის ინფორმაციით, დავით კირკიტაძის საქმეზე 69-მდე მოწმე უნდა დაიკითხოს.
“ნაციონალური მოძრაობის წევრი” მოსამართლის განჩინებით პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს სოფელ ველისციხესთან დაპირისპირების საქმეზე 2018 წლის 17 დეკემბერს დააკავეს.
კირკიტაძის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი