ახალი ამბები

მძიმე ამბავი

„თქვენი იმედი მაქვს… გააშუქეთ.. სადღაც სოფლის თავში არსებობისთვის იბრძვიან ბავშვები..ისინი ხვალ, (ერთს ლეიკემია ჰქონია) პასუხს მოგვთხოვენ ყველას, ვინც ,,შეაწუხეს,, და პურს ვეღარ აძლევს, ვინც გაიარა და ვერ დაიმახსოვრა ეს სახეები..“ – ეს წერილი გუშინ ჩვენმა მკითხველმა მოგვწერა.

ამ დილით  უმწეო მდგომარეობაში მყოფი 5 ბავშვის ისეთი სულისშემძვრელი ფოტოები გადავიღეთ, უსასოობის განცდას რომ გაგიასმაგებს.

ეს 5 წლის ანა-მარიაა. სრულიად მიტოვებული ბავშვი თავის 4 მცირეწლოვან და-ძმებთან ერთად დახმარებას ითხოვს.

მარიამი, გიორგი, დავითი, ანა-მარია, დავითი,   გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ცხოვრობენ. უკვე რამდენიმე თვეა, ბავშვები სკოლაში არ დადიან.  გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს ისიც ემატება, რომ 8 წლის დავითი ავადაა. ბავშვს პირველადი გამოკვლევები ჩაუტარდა და ლეიკემიის ნიშნები დადგინდა, თუმცა დაავადების მკურნალობა ამბულატორიულ პირობებში ვერ ხერხდება. რამდენიმე თვეა, ბავშვი ჯანდაცვის მომსახურებას ვერ იღებს. ავადმყოფი ბავშვი თავის და-ძმებთან ერთად უკიდურეს სიდუხჭირეში, საჭმლის, ჰიგიენისა და სოციალური დაცვის გარეშეა მიტოვებული.

ბავშვებს უკიდურეს არაადამიანურ პირობებში უწევთ ცხოვრება: სახლის ფანჯარა ჩამტვრეულია, ბავშვებს არ აქვთ ავეჯი, არც საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი. საწოლის მაგივრად ნახევრად სველ და ჭუჭყიან ლეიბებს იყენებენ. კუსტარულად დამზადებულ ღუმლიდან კვამლი გამოდის და ბავშვები მას შეისუნთქავენ.

ფოტოზე: დავითი, გიორგი და ანა-მარია.

შიმშილობის ზღვარზე მყოფ მიტოვებულ ბავშვებს საჭმლით მეზობლები ეხმარებიან. ხანდახან მოხუცებული და ავადმყოფი ბება-პაპაც, მეზობელი დასახლებიდან,  თუმცა გაუსაძლისი პირობები და  ანტისანეტარია, ბავშვების სიცოცხლეს საფრხეს უქმნის.

7 შვილის დედა, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებს,  ბავშვებთან არ ცხოვრობს. უფროსი ასაკის შვილები სოფლიდან წავიდნენ. ყველაფერთან ერთად  ბავშვები ზოგადი სასკოლო განათლების მიღმაც დარჩნენ. 7 წლის მარიამი გვიამბობს, რომ სკოლაში სექტემბრის დასაწყისში, მხოლოდ 1 კვირით იარეს, მას შემდეგ სკოლაში არ დადიან.

„ ძალიან მინდა სკოლაში სიარული, მაგრამ ტანსაცმელი არ გვაქვს. დედამ დირექტორს ელაპარაკა და ჩვენ სკოლიდან გამოგვიყვანა.“ – ამბობს 8 წლის მარიამი.