უვიზო მიმოსვლის შესახებ თელავში საინფორმაციო კამპანია გაიმართა
იაკობ გოგოებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიმართა.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაზე ისაუბრეს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლისა, შესაბამისი წესების დარღვევის შესახებ და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებზე.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო და გასულ წელს კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში ჯამში 160 შეხვედრა გაიმართა.
ნინი ასანაშვილი