მიმდინარე წელს სიღნაღში სოციალური მიმართულებით 90 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტით 2019 წლიდან დღემდე ისარგებლა 298 მოქალაქემ.
როგორც “კახეთის ხმას” მერიაში განუცხადეს, ამ მიმართულებით 92 309 ლარი დაიხარჯა.
“ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამით ისარგებლა თვრამეტმა ბენეფიციარმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარება მიიღო შვიდმა ბენეფიციარმა, შშმ პირთა სოციალური დაცვის პროგრამაში უკვე ჩაერთო 21 ჩვენი თანამოქალაქე, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ოცდათოთხმეტმა ბენეფიციარმა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სოციალური დაცვისა და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო პროგრამით ისარგებლა ოცმა ბენეფიციარმა, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ მეომართა ერთჯერადი დახმარება მიიღო თხუთმეტმა ადამიანმა, მარტოხელა და მარჩენალდაკარგული დედების სოციალური დაცვის პროგრამაში ამ ეტაპზე ჩართულია 6 ბენეფიციარი, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 1 ოჯახს აუნაზღაურდა, ობოლ და მრავალშვილიან ოჯახებში სტუდენტთა დახმარების პროგრამა ამ ეტაპზე 4 ბენეფიციარს შეეხო”, – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი