თელავის მერმა 2018 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
თელავის მერმა დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, უფლებამოსილების ცნობის პირველი დღიდან ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები და მერიის მუშაობის შედეგები გააცნო.
შოთა ნარეკლიშვილის თქმით, 2018 წელს განხორციელდა სხვადასხვა სახის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაო. მისივე განმარტებით, გასული წლის პრიორიტეტული მიმართულებები ინფრასტრუქტურა, სკოლამდე განათლება და სოციალური სფერო იყო.
,,გასულ წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: რეაბილიტირდა გზები, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები, მოწესრიგდა სოფლებში გარეგანათების სისტემები, მოეწყო სკვერები. გარდა ამისა, ქალაქის ტერიტორიაზე დამონტაჟდა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, ჩატარდა ქალაქ თელავის ქუჩების ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები და სხვა. 2018 წელს განხორციელდა სპორტული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები. განხორციელდა ასევე განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული მიმართულებით პროექტები. გასული წლის ბიუჯეტმა შეადგინა 18 მილიონ ლარზე მეტი. სულ ბიუჯეტიდან და სხვა შემოსულობებით ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის მიმართულებით 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, განათლების მიმართულებას (სკოლამდელი აღზრდა, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი ) 4 მილიონ 764 ათასი ლარი მოხმარდა, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის მიმართულებით დაიხარჯა 4 მილიონ 376 ათასი ლარი, მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით – 1 მილიონ 762 ათასი ლარი, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების კუთხით – 259 ათასი ლარი’’,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
მისივე განმარტებით, 2019 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 21 მილიონ 699 ათასი ლარით. პრიორიტეტული მიმართულებებია: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველველყოფა, ინფრასტრუქტურა, სკოლამდელი აღზრდა, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის ხელშეწყობა.
ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი