ველისციხე-ჭერემი-კაკაბეთის გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხიდან ჭერემის გავლით სოფელ კაკაბეთამდე გზის რეაბილიტაცია და ჭერმისხევზე ორი ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება, – ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა.
არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, მშენებლობის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომლისთვისაც 515 266 ლარია გამოყოფილი. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
“დაგეგმილია სოფელ ველისციხიდან ჭერემის გავლით სოფელ კაკაბეთამდე გზის რეაბილიტაცია და ასევე ჭერმისხევზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობაც. წლებია, რაც ხიდი სოფლის მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ გზის მშენებლობით არამარტო სოფელ ჭერემს მოეხსნება ტრანსპორტირების პრობლემა, არამედ საქალაქთაშორისო მნიშვნელობის გზა იქნება. თბილისიდან გურჯაანის გზა მინიმუმ 25 კილომეტრით მაინც შემცირდება. პროექტირებას დრო დასჭირდება, რადგან ეს გზა ულამაზეს ხეობაში გადის, ამავე დროს რელიეფი რთულია და ბევრი დეტალი იქნება გასათვალისწინებელი. სამუშაოები სავარაუდოდ მიმდინარე წელს დაიწყება”, – აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.
აღნიშნული პროექტის განხორციელება მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა 26 თებერვალს დააანონსა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი