მაია ცქიტიშვილი-რეგიონებში პროექტებს მთლიანად მუნიციპალიტეტები მართავენ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებით, რეგიონებში პროექტებს მთლიანად მუნიციპალიტეტები მართავენ, სამინისტრო კი მის მონიტორინს ახორციელებს და ეხმარება მათ.
მაია ცქიტიშვილის თქმით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის განაწილების მიდგომა შეიცვალა.
,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის განაწილების ფორმულა შევცვალეთ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად. ასევე, შემოვიღეთ სტიმულირების პროგრამა, რაც ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტებში 1 მაისამდე უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული კომპანიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხების 50% დაბრუნდება ფონდში და განაწილდება სხვა პროექტებზე. დამატებით თანხებს გადავანაწილებთ იმ მუნიციპალიტეტებზე, რომელთაც პროექტების დაახლოებით 75% ექნებათ დაკონტრაქტებული. ეს არის დამატებითი სტიმული პროექტების ვადებში და ხარისხიანად გაკეთებისთვის. განხორციელებული ცვლილებები, როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიმართულებებით ხელს შეუწყობს ქართულ სამშენებლო სექტორს. 650 კომპანია მონაწილეობს რეგიონული განვითარების ფონდის პროექტებში, საიდანაც 150-ზე მეტი ახალია“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.