სოფელ ზიარში არქეოლოგიური სამუშაოები განახლდება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინენსებით, არქეოლოგიური
გათხრები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში მიმდინარე წელს განახლდება.
გურჯაანის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, ზიარის არქეოლოგიური
ექსპედიცია 2014 წლიდან ქვედა პალეოლითის ხანის პირველყოფილი ადამიანის სადგომ-სახელოსნოს მეცნიერულად იკვლევს. მისივე თქმით, არქეოლოგიური ძეგლი მინიმუმ ნახევარი მილიონი წლისაა.
,,არქეოლოგები არ ჩასულან ძეგლის ქვედა ფენებამდე და შესაძლებელია ის უფრო ძველი იყოს. ფენები უძრავ მდგომარეობაშია, რაც ქვის ხანის არქეოლოგიური ძეგლის მნიშვნელობას უფრო ზრდის. უძველესი ადამიანი ცივ-გომბორის მთის კაჟის ადგილობრივი ბუნებრივი გამოსავლებიდან ამზადებდა სხვადასხვა დანიშნულების იარაღს: წვეტანებს, საფხეკებს, ხელცულებს, ლამელებს და ა.შ რომელთა დახმარებითაც ამუშავებდა ნანადირევის ხორცს, ტყავს, ძვალს. მუშაობის შედეგად აღმოჩენილია ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი, რაც მნიშვნელოვანია მეცნიერული თვალსაზრისით.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, მიმდინარე წელს განხორციელდება ზიარის არქეოლოგიურ
ძეგლამდე მისასვლელი სამანქანო გზის რეაბილიტაცია, რაც ტურისტებს საშუალებას მისცემს, დაათვალიერონ, ქვის ხანის უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი”,- განუცხადა knews.ge-ს თამაზ მარკოზაშვილმა.