თელავში მომსახურების ცენტრის სამსახურის უფროსი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამრომლებმა მომსახურების სააგენტოს თელავის მომსახურების ცენტრის სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს.
აღნიშნული “კახეთის ხმას” შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ი.ს. -ს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ს.-მ ერთ-ერთ მოქალაქეს მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით ფულადი თანხა აიღო. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თანხის აღების შემდეგ თელავში დააკავეს. ი.ს.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ფულადი თანხა – 1000 ლარი”, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი