თუშეთის მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტის მისაწოდებლად ბიუჯეტიდან 4 ათასი ლარი გამოიყო

თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისთვის შერეული სახის საკვები პროდუქტის მისაწოდებლად ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან 4 200 ლარი გამოიყო.

ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, თუშეთში ამჟამად 21 ადამიანი ცხოვრობს.

“ამჟამად თუშეთში მუდმივად მაცხოვრებელი 21 ადამიანია. მათ ჩემმა მოადგილემ და სოციალური სამსახურის უფროსმა იანვრის ბოლოს 2100 ლარის ღირებულების შერეული პროდუქტი აუტანეს, მათ შორის ზეთი, ფქვილი, ბურღულეული, ტკბილეული. კიდევ დაახლოებით 2000 ლარი გვაქვს გამოყოფილი სააღდგომოთ და მაშინაც ვგეგმავთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროდუქტის ატანას”,- განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

თუშეთი ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრზე მდებარეობს. ფშაველი-აბანო-ომალოს გზა მაისის შუა რიცხვებამდე ჩაკეტილია. გაზაფხულამდე თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას ვერტმფრენი წარმოადგენს. 2017 წლის მარტიდან სოფელ ომალოს მიმართულებით ვერტმფრენმა ყოველკვირეულად უფასო ავიარეისების განხორციელება დაიწყო.

ნიკოლოზ ესიტაშვილი