პრემიერმა სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. უდაბნოს ცენტრი საქართველოში 63-ეა, ხოლო კახეთის რეგიონში რიგით მეთორმეტე.
საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად გახსნა. მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ახალი საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მიიღებს 200-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო სერვისს.
,,საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ხელმისაწვდომობა ჰქონდეს თანაბრად ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით სულ უფრო წინ მივდივართ და დღეს საქართველოს მასშტაბით უკვე 63-ე საზოგადოებრივ ცენტრს ვხსნით და რამდენიმე კვირაში გავხსნით კიდევ ახალ ცენტრს ტყიბულში. ეს ცენტრები მოსახლეობას ზუსტად ისეთივე ხარისხის მომსახურებას აწვდის, როგორც ნებისმიერ დიდ ქალაქში. მინდა გითხრათ, რომ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის არსებობა თქვენ გაგიმარტივებთ 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე წვდომას, თქვენ გექნებათ სწრაფი, კომფორტული მომსახურება“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, სოფელ უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი მცირე სოფლის საჭიროებებზე მორგებული პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურული ფორმით სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისგან განსხვავდება.
„პროექტი სპეციალურად იმ დასახლებებისთვის შეიქმნა, რომელთა მოსახლეობა 600 ადამიანს არ აღემატება. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა სოფელ უდაბნოში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა. ეს სოფელი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარეობს, ეთნიკური უმცირესობებითა და ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ტურისტულად აქტიურ ზონას წარმოადგენს. იგი უშუალოდ სამონასტრო კომპლექს დავით გარეჯს ესაზღვრება“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი უდაბნო საზღვრისპირა სოფელია და რაიონულ ცენტრს 45 კილომეტრითაა დაშორებული.
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტი რეგიონებში 2013 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებით ადგილზე სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი