თელავისა და გურჯაანის მერებმა სამოქალაქო ინიციატივათა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიების ხელმღვანელმა პირებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრ კახეთთან“ ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებმა ხელმოწერით დაადასტურეს რეგიონის სამოქალაქო სექტორსა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებთან პატრნიორობა, რომლის მიზანი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობისა და მოქალაქეთა ინიციატივების მხარდაჭერაა.
ღონისძიება თელავში, სასტუმრო ,,Seventeen Rooms’’-ში არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით, პროექტის ,,ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისათვის’’ ფარგლებში გაიმართა. „მედია ცენტრი კახეთის“ დირექტორის ინფორმაციით, მემორანდუმი გულისხმობს თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას.
ორგანიზატორთა თქმით, თანამშრომლობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და სასურველი შედეგების მისაღებად რესურსების გაერთიანება.
,,პროექტი ხორციელდება ,,ევროპის ფონდის“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტების ოფიციალური პირების ჩართულობას. მისი მთავარი მიზანი არის ის, რომ გაზარდოს ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მისცეს საშუალება ახალგაზრდებს, ადგილობრივებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებზე მსჯელობაში მიიღონ მონაწილეობა და გადაწყვეტილებბა მიიღონ ერთობლივად’’– განუცხადა „კახეთის ხმას“ მაია მამულაშვილმა.
როგორც „მედია ცენტრის კახეთის“ დირექტორმა განაცხადა, მემორანდუმის თანახმად მუნიციპალიტეტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდება სპეციალური ტრენინგ-მოდულები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის. მაია მამულაშვილის ინფორმაციით, ჩამოყალიბდება მრჩეველთა საბჭო, რომლის წევრებიც იქნებიან როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
,,მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ონლაინ პლატფორმა www.initiative.ge, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ატვირთავს ინიაციატივებს და ხმას მისცემს. მრჩეველთა საბჭო კი განიხილავს პლატფორმაზე ატვირთულ ყველა ინიციატივას და მუნიციპალიტეტის მერიას გადაუგზავნის რეკომენდებულ ინიციატივებს განსახილველად.
მომზადდება საჭიროებათა კვლევა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გამოსაკვეთად, საჭიროებათა კვლევის გზამკვლევი, მედია პროდუქტები, გავრცელდება საინფორმაციო ბროშურები და ჩატარდება საინფორმაციო კამპანია. თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიები კი იღებენ ვალდებულებას, რომ იმსჯელებენ მრჩეველთა კომიტეტის მიერ შერჩეული და მიწვდილი ინიციატივების მიზანშეწონილობაზე. ამასთან იმსჯელებენ აღნიშნული ინიციატივებისთვის ფინანსური სახსრების მოძიებასა და შესაძლებლობების ფარგლებში მათ დაფინანსებაზე როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე დაფინანსების სხვა წყაროებიდან.’’
გურჯაანის მერი მესამე სექტორთან მემორანდუმის გაფორმებას მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს. არჩილ ხანდამაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მოქალაქეების ინფორმირებას და მათ ჩართულობას მიმდინარე პროცესებში.
,,ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანი იქნება, ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრებით, არამედ ჩვენ ასევე გვექნება ონლაინ ურთიერთობა მოსახლეობასთან. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობაც. გარდა ამისა, ეს დადებითად იმოქმედებს ორივე მუნიციპალიტეტზე და მერიის სამომავლო საქმიანობაზე’’,– აღნიშნა „კახეთის ხმასთან“ საუბრისას არჩილ ხანდამაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი გიორგი თუშიშვილი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება მოქალაქეებთან თვითმმართველობის ეფექტურ კომუნიკაციას შეუწყობს ხელს.
,,მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის აქტური ჩართულობაა აუცილებელი ინფრასტრუქურულ, სოციალურ თუ საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე პროექტების დაგეგმარებისა და სწორად წარმართვისთვის. რაც მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის სახსრები ჩვენს მოსახლეობა სეკუთვნის და მათი აქტიური ჩართულობით თანხა სწორად, მიზნობრივად და მართლზომიერად უნდა განვკარგოთ“,- განაცხადა გიორგი თუშიშვილმა.
აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის თელავის ოფისის კოორდინატორი, ნიკოლოზ შარვაშიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა არსებული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი წინაპირობაა.
,,ჩემი აზრით, მუნიციპალიტეტებთან არასამთავრობო და კერძო სექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ეს ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულებებით მომუშავე ადამიანების ჩართვას მიმდინარე პროცესებში და ერთად მუშაობას შექმნილ პრობლემებზე, რომელიც ერთნაირად აწუხებს როგორც მუნიციპალიტეტებს, კერძო სექტორს და მოქალაქეებს’’,– ამბობს „კახეთის ხმასთან“ საუბრისას ნიკოლოზ შარვაშიძე. პროექტი ხორციელდება ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.
ავტორები:
მაკა ხაზიური
ვასილ ბაბუაშვილი