რა საკითხების მოგვარებას ითხოვს სიღნაღის ხუთი სოფლის მოსახლეობა
გარე განათების მოწყობა, წლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოგვარება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის, ბოდბის, ილიაწმინდის, ზემო და ქვემო მაღაროს მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოითხოვეს. სიღნაღის მერიაში აცხადებენ, რომ ხუთივე სოფლის მიერ დაყენებული საკითხები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოგვარდება.
„ ცენტრალური და ადგილორივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვემო და ზემო მაღაროს, ქვემო ბოდბის, სოფელი ბოდბის და ილიაწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივებმა მათთვის გამოყოფილი თანხით შესასრულებელი სამუშაოები თავად შეარჩიეს.
სოფელ ქვემო მაღაროში შეხვედრაზე მოსულმა მოქალაქეებმა ხმათა უმრავლესობით გარე განათების მოწყობა, „რკინიგზის“ უბანში არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება ისურვეს, ხოლო, ზემო მაღაროში სოფლის შიდა გზების მოხრეშვა და ასევე, გარე განათების დამონტაჟება აღმოჩნდა პრიორიტეტული.
სოფელ ქვემო ბოდბის მოსახლეობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წელს, მათ სოფელში ახალი სკვერი მოეწყობა, შემოიღობება სასაფლაოს ტერიტორია და მოწესრიგდება შიდა საუბნო გზები.
სოფელ ბოდეში შემოიღობება სპორტული მოედანი, მოიხრეშება გზები და დამონტაჟდება გარე განათება.
სოფელ ილიაწმინდაში მოსახლეობის გადაწყვეტილებით რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბუნებრივი წყლის სათავე ნაგებობას და მოეწყობა გარე განათება”, – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.
აღნიშნულ სოფლებში შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი სოლომონ პვლიაშვილი და ამავე სამინისტროს წარმომადგენელი ლააშა ხაჭაქპურიძე ესწრებოდნენ.
ნიკოლოზ ესიტაშვილი