კახეთში 39 სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ე. 39 საფლავის გაქურდვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავა.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეაჩერეს „ფოლკსვაგენ პასატის“ მოდელის ავტომანქანა, რომელსაც 1985 წელს დაბადებული გ.ე. მართავდა. პოლიციამ ავტომანქანის საბარგულში საფლავის მესერის ალუმინის ნაკეთობები აღმოაჩინა, რომლებიც ბრალდებულს დანაშაულებრივი გზით ჰქონდა მოპოვებული.
,,გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 39 საფლავი გაქურდა, კერძოდ, საფლავების მესერების ალუმინის ნაკეთობებს შემდგომი რეალიზების მიზნით, ფარულად დაეუფლა.
გ.ე.-ს, ნარკოდანაშაულის გამო, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აკრძალული ჰქონდა ავტომანქანის მართვის უფლება. გამოძიება ქურდობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 381 მუხლის 1-ლი ნაწილით”,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.