ლაგოდეხში მცხოვრებ 66 მევენახეს 23 ჰექტარ ფართობზე არსებული ვენახები დაუკანონდა
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, ლაგოდეხში მცხოვრებ 66 მევენახეს, 23 ჰექტარ მიწის ფართობზე არსებული ვენახები დაუკანონდა.
ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მისი მოთხოვნის და უშუალო ჩარევის შედეგად, მევენახეებს 15 წლიანი პრობლემა მოეხსნათ. გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, მევენახეებს საკუთრებაში არსებული ფართობები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ.
,,მნიშვნელოვანია, რომ მევენახეებს 15 წლიანი ლოდინის შემდეგ დაუკანონდათ ვენახები. ფერმერების მხარდაჭერა გაგრძელდება: უახლოეს პერიოდში მათთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მევენახეებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომელიც მევენახეთა მხარდაჭერისკენაა მიმართული”,– განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.