ინფრასტრუქტურის მინისტრი სოფელ კაკაბეთის მოსახლეობას შეხვდება
დღეს, 13: 00 საათზე, საგარეჯოს მუნიციაპლიტეტის სოფელ კაკაბეთში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეხვდება ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრას, რომელიც “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გაიმართება, დაესწრებიან კახეთის გვუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, რომელიც 2019 წლის 1 იანვარს აღდგა, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და ა. შ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება 2009 წელს დაიწყო. 2009-2011 წლებში პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი იყო, 2012 წლიდან 50 კი მილიონი. პროგრამა 2016 წელს გაუქმდა, ხოლო მიმდინარე წელს კი აღდგა.