თელავის მერიამ ოთხ ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. თელავის მერიაში აცხადებენ, რომ თავისუფალ პოზიციებზე ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და თანამდებობის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.
„კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და სამუშაო გამოცდილება, რომლის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე – hr.gov.ge-ზე არის დეტალური ინფორმაცია. თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურია ტურიზმის განვითარების, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის და მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებების უფროსი სპეციალისტების თანამდებობები. გარდა ამისა, მერიაში თავისუფალია მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის ვაკანსიაც, თუმცა ის პირი, რომელიც ამ პოზიციაზე შეირჩევა, იმუშავებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის ადმინისტრაციულ ერთეულში. უმცროს სპეციალისტს სამუშაო გამოცდილების ქონა არ მოეთხოვება“, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 700-დან 800 ლარამდე მერყეობს.
კონკურსში მონაწილების მსურველებს ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 1 თებერვლამდე შეეძლებათ.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *