,,ინტერნიუსი -საქართველო“ მედიაპარტნიორებისთვის ახალ პროექტს იწყებს
„ინტერნიუსი -საქართველომ“ პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ 2019 წლის მედიაპარტნიორები შეარჩია.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი მედიიდან პროექტის პარნტიორებად საკონკურსო წესით შეირჩნენ: ტელეკომპანიები – გურჯაანი, მეგა, დია, გურია, 25-ე არხი, მეცხე არხი, ონლაინ გამოცემები – კახეთის ხმა, სპექტრი, სამხრეთის კარიბჭე და ბათუმელები.
„ინტერნიუსი -საქართველოს“ ინფორმაციით, ცენტრალური მედიასაშუალებებიდან პროექტი ითანამშრომლებს ფორსეტთან, ინდიგოსთან, სტუდია მონიტორთან, ჯემნიუსთან, ლიბერალთან, კლიკმედიასთან და ჟურნალისტთა ჯგუფთან (ნინო აბდალაძე და მარიამ უგრეხელიძე).
,,შერჩეული 10 ადგილობრივი მედიასაშუალება მიიღებს გრანტს 4 500 დოლარის ოდენობით. საგრანტო მხარდაჭერის ფარგლებში მედიაპარტნიორები დამოუკიდებლად მოამზადებენ და გაავრცელებენ 3 მულტიმედიური მასალისგან შემდგარ 7 თემატურ პაკეტს, ასევე გაავრცელებენ ცენტრალური მედიაორგანიზაციების მიერ მომზადებულ 10 თემატურ პაკეტს რუბრიკით „ჯორჯია-პლიუს“. დაინტერესებული მედიაორგანიზაციები ასევე გაავრცელებენ პროექტის მონაწილე 12 ქვეყნის მედიასაშუალებების მიერ შექმნილ მულტიმედიურ მასალებს „სამეზობლო“. პარტნიორი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის და რედაქტორებისთვის გათვალისწინებულია ტრენინგები და კონსულტაციები მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და ვებკონტენტის მონეტიზაციის საკითხებზე. პროექტის პარტნიორი ცენტრალური მედიასაშუალები მიიღებენ გრანტს 2 000 დოლარის ოდენობით ერთი თემატური მულტიმედიური პაკეტის დასამზადებლად. სულ დამზადდება 10 მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ავტორები დამზადებულ მასალას გადასცემენ ადგილობრივ მედიაპარნტიორებს და გაავრცელებენ საკუთარი არხებით. საუკეთესო მასალები ითარგმნება და გაეგზავნება პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების მედიასაშუალებებს”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
პროექტი „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ მიზნად ისახავს მოქალაქეთა ინფორმირებას ადგილობრივი და რეგიონული მნიშვნელობის მქონე საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე აღმოსავლეთ ევროპის და ევრაზიის 12 ქვეყანაში. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პროექტის შედეგად გაძლიერდება დამოუკიდებელი მედია.