ტყე-ტბა გულგულას ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები თელავის მუზეუმში განთავსდება
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტყე-ტბა გულგულას ნაქალაქარის ტერიტორიაზე ჩატარებული სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები თელავის ისტორიულ მუზეუმს გადაეცა.
მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დროს გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის ნაგებობა, მათ შორის გვაინბრინჯაო-ადრე რკინის ხანის სადგომები, გალავნები, მარცვლეულის შესანახი ხარო, ქრისტიანული პერიოდის ხუროთმოძღვრული ძეგლები, განვითარებული შუა საუკუნეების (XI-XIII ს.ს.) კერამიკული მასალა, რკინის ისრის პირები, ლოდსატყორცნის ქვა (ჭურვი) და ა.შ.
უწყების ცნობით, აღმოჩენილი ექსპონატები თელავის არქეოლოგიურ მასალებთან ერთად, მუზეუმის საექსოპოზიციო დარბაზში განთავსდება.
ტყე-ტბა გულგულას ნაქალაქარს, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების სამხრეთით მდებარეობს, გასული წლის დეკემბერში მიაკვლიეს. ტყე-ტბა გულგულა ვახუშტი ბატონიშვილსა და მე-11 საუკუნის ცნობილ ისტორიკოსს, ლეონტი მროველს თავიანთ ნაწერებში აქვთ მოხსენიებული. გარდა ამისა, ივანე ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ ეს ტერიტორია შესაძლოა კახეთ-ჰერეთის საზღვარი იყოს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი