თელავში სავალდებულო ტექდათვალიერება 600-ზე მეტმა მანქანამ გაიარა
თელავში მდებარე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, 2019 წლის იანვრიდან დღემდე შემოწმება 600-ზე მეტმა ავტომანქანამ გაიარა.
შპს ”ტტ მოტორსის”ტექნიკური მენეჯერი, დათო ტურაშვილი აცხადებს, რომ ავტომანქანის ტექნიკური ინსპექტირება რამდენიმე ეტაპისგან შედგება. მისი თქმით, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მის გამოსასწორებლად მფლობელს 30 კალენდარული დღე ეძლევა.
,,2019 წლის იანვრიდან სავალდებულო გახდა საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტრების გავლა, აქედან გამომდინარე ხალხის ნაკადი არ წყდება. რაც შეეხება შემოწმებას, რამდენიმე ეტაპისგან შედეგება: პირველი ეტაპია ავტომობილის იდენტიფიკაცია. შემდეგ მოწმდება ვიზუალურად და დგინდება მწყობრში არის თუ არა ავტომობილი, შემდეგ მოწმდება გამონაბოლქვზე. გარდა ამისა, ასევე მიმდინარეობს მუხრუჭების ტესტირება, მოწმდება ოთხივე საბურავი და ხელის მუხრუჭი. როცა ავტომანქანა ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, გადადის შემდეგ ეტაპზე. გვაქვს სათვალთვალო ორმო და ამის შემდეგ მანქანას ქვედა მხრიდან ვამოწმებთ, სავალ ნაწილებს, საბურავებს არ უნდა ეკლდეს ჭანჭიკები, არ უნდა იყოს ზედმეტად გაცვეთილი. ასევე ავტომანქანას უნდა უმუშავებდეს განათებები, როგორც სანომრე ასევე ნისლგანათებები. ბოლო ეტაპზე მოწმდება ფარები, საქარე მინა, რომელიც არ უნდა იყოს გაბზარული მხედველობის არეში. რაც შეეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, ჩვეულებრივ ვამოწმებთ და არანაირი პრობლემა არ იქმნება. როდესაც შემოწმებისას მანქანაზე მარჯვენა საჭე დაფიქსირდება, მისი გადატანა მარცხნივ აღარ შეიძლება. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი დახარვეზდა, მფლობელს ეძლევა მის გამოსასწორებლად 30 კალენდარული დღე, რომ მოხდეს აღმოფხვრა. ამ დროის გასვლის შემდეგ მფლობელი უნდა მოვიდეს ჩვენს ცენტრში და იმ ხარვეზს უფასოდ შევუმოწმებთ. აქტივობა ნორმალურია, ახალი წლიდან ტექნიკური ინსპექტირება 600-ზე მეტმა ავტომანქანამ გაიარა’’,- განუცხადა knews.ge-ს დათო ტურაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ფასები მანქანის კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება: M1 და M3 კატეგორიის მსუბუქი ავტომანქანების შემოწმება 60 ლარით განისაზღვრება, ხოლო M2 კატეგორიის მანქანის, რომლებსაც მიკროავტობუსები შეადგენენ, 100 ლარი ღირს.