ახალი ამბები

კახეთში H1N1 დაავადებით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობის მიმართვიანობა 549-დან 947-მდე გაიზარდა, საიდანაც გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადების შემთხვევები 2%-დან 6,65%-მდე გაიზარდა.
“მოსახლეობის მომართვიანობა იყო 4200 და გაიზარდა 5500-მდე. ეს ეხება ყველა დაავადებას. რაც შეეხება გრიპის და გრიპისმაგვარ დაავადებებს, მომართვიანობა გაიზარდა, ეს ეხება როგორც მსუბუქ, ასევე მძიმე დაავადებებს. გაიზარდა ასევე ჰოსპიტალიზირებულ მოქალაქეთა რაოდენობა. ბოლო ერთ კვირაში კახეთში სხვადასხვა ჩივილით 549 მიმართვიდან 947-მდე გაიზარდა, საიდანაც გრიპის შემთხვევები 2%-დან 6,65-მდე გაიზარდა’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ყოველი წლის მეორმოცე კვირიდან გრიპზე ყოველკვირეულ მონიტორინგს ახორციელებს.
“თუ დაისვა დიაგნოზი გრიპის ან გრიპის მაგვარი დაავადებების ექიმის მიერ, ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს. ექიმები ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს აწვდიან ინფორმაციას. ყოველი კვირის ორშაბათს გვაქვს ინფორმაცია მიმდინარე კვირაში გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების შემთხვევების შესახებ და შემდეგ ამას ვადარებთ წინა წლების შედეგებთან. საქართველოში გრიპის შემთხვევებმა იმატა და გამონაკლისი არც კახეთია. ახლა გვაქვს გრიპის პიკი და წინა კვირას ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. ამაში განსაკუთრებული არაფერია. რაც შეეხება H1N1 ვირუსს, გრიპს რამდენიმე გენოტიპი ახასიათებს და როცა იწყება გრიპის ეპიდემია, მძიმე პაციენტებზე ვაკეთებთ ბაზებს, სადაც ანალიზი კეთდება და იდენტიფიცირდება, რომელი ტიპის და სახეობის ვირუსი ცირკულირებს მიმდინარე წელს. იდენტიფიცირების შემთხვევების 95% H1N1-ის შემთხვევები დაფიქსირდა. ეს არის ჩვეულებრივი გრიპის ერთ-ერთი გენოტიპი, რომელიც ცოტა უფრო მძიმე ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე სხვა წლებში გავრცელებული ვირუსები. ახლა გვაქვს ასეთი მითითება, რომ თუ ექიმი დასვავს გრიპის დიაგნოზს, ეს არის H1N1 ღორის გრიპი და მას არანაირი იდენტიფიცირება აღარ სჭირდება. ამიტომ ნებისნიერი გრიპის შემთხვევას ამ ვირუსის განსაზღვრება ეძლევა. ჩვენ გვაქვს ორი ტიპის შემთხვევებზე მონიტორინგი, ეს არის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, როცა პაციენტი რჩება სახლში და იქ მკურნალობს და მეორე არის მძიმე შემთხვევები როდესაც ადამიანს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ესენი გაზრდილია ორივე შემთხვევაში. ყველა სამედიცინო დაწესებულებაში დევს გრიპის წამალი ტამიფლუ, რომელიც სოციალურად დაუცველებისთვის, ორსულებისთვის და ჰოსპიტალიზაციაზე მყოფი პაციენტებისთვის უფასოა”.