თელავში სამხედრო ქალაქის მაცხოვრებლებთან შეხვედრა გაიმართება
მიმდინარე წლის 8 იანვარს, 13:00 საათზე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ქალაქ თელავში, სამხედრო ქალაქის მაცხოვრებლებს შეხვდებიან. ისინი ადგილობრივებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად ბინების გადაცემას მიულოცავენ.
“2016 წლიდან კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, თელავის მაჟორიტარი დეპუტატის და თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ბინები აზომა და რეგისტრაციაში გაატარა, რის შემდეგაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, უძრავი ქონების ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადასვლასთან დაკავშირებით, მათი შემდგომი დაკანონების მიზნით.
სამხედრო ქალაქის მაცხოვრებლებთან შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას ადგილზე გააცნობენ საქართველოს მთავრობის განკარგულებას ( 2018 წლის 25 დეკემბერი, #2432)„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ და მიაწვდიან ინფორმაციას ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.