ახალი ამბები

ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის ეზოში ველო-პარკინგი მოეწყობა

ქალაქ ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის ეზოში ველო-პარკინგი მოეწყობა. ფონდის ,,ორბელიანი საქართველო’’ დაფინანსებით, თანამედროვე, მეტალის კონსტრუქციის გადახურულ სადგომში 30 ველოსიპედის განთავსება იქნება შესაძლებელი.

ინიციატივა სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს ეკუთვნით. მათი თქმით, აღნიშნული ინიციატივით სურთ ხელი შეუწყონ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
“პროექტის ,,ველო-პარკინგი – გზა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად“ მიზანია ქალაქ ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად, სასიამოვნო და სახალისო გარემოს შესაქმნელად, სკოლის ეზოში ველოსიპეტების გასაჩერებელი ადგილის – ველო-პარკინგის მოწყობა. სკოლაში მოსწავლეთა 30% ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები – სომხები, რუსები, აზერბაიჯნელები არიან. პროექტის იდეის განმახორციელებლები არიან მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები, სულ 14 წევრი. ჩვენი იდეის განხორციელებაში ხელი შეგვიწყო ფონდმა „ორბელიანი საქართველო“. რკინის მილ-კვადრატებით აწყობილი და თუნუქის ფენილით გადახურული სკოლის ველო-პარკინგის კონსტრუქცია გათვლილია მინიმუმ 30 ველოსიპეტზე. პროექტი განხორციელების აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე ჩაბეტონებულია ძირითადი საყრდენები, გადახურულია თუნუქით. უახლოეს პერიოდში კი მოეწყობა ველოსიპეტების ინდივიდუალურად დასაყენებელი და მისაბმელი კონსტრუქცია მილ-კვადრატებით. ყველაზე მნიშვნელვოანი ის არის, რომ მის განხორციელებაში ჩართულნი არიან სკოლის მოსწავლეთა მშობლები – მამები, რომლებიც ასრულებენ ორმოების ამოღებას, რკინის კონსტრუქციის ჩაბეტონებას. სამუშაოებს ხელმძღვანელობს პროფესიონალი ხელოსანი. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ფერადოვნად შეღებეს რკინის კონსტრუქცია. სამწუხაროდ, სკოლებში მოსწავლეთა მშობლები ნაკლებად იღებენ მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში. საკუთარი შვილების კეთილდღეობისათვის ზრუნვა და ცხოვრების ჯანსაღი პირობების შექმნა სკოლის დირექციასთან ერთად, მშობლების მოვალეობაც არის’’,- განუცხადა Knews.ge-ს იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, მოსწავლის მშობელმა თამარ მუმლაძემ.