საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა
2019 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებული და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წელი ჯერ არ ჰქონდა შესრულებული.
ამასთან, საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია ყველა თვითდასაქმებულისთვის, მიუხედავად მისი ასაკისა და ყველა დასაქმებულისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 ან მეტი წლის იყო. პირველი იანვრიდან საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდა საქართველოში დასაქმებული ყველა მოქალაქე და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტში ქალებს 55, ხოლო მამაკაცებს 60 წელი არ ჰქონდათ შესრულებული.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1-ელი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს განცხადების საფუძველზე სისტემის დატოვება მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო სისტემის დატოვების შემდეგ მოქალაქე მასში კიდევ ერთხელ ჩართვას მოინდომებს, ამის საშუალება მიეცემა, თუმცა ამ შემთხვევაში, სისტემას მეორედ ვეღარ დატოვებს.
დაგროვებითი საპენსიო რეფორმა სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს განსაზღვრავს. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული და დამსაქმებელი, ხოლო ნებაყოფლობით – ნებისმიერი თვითდასაქმებული. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 % გროვდება, აქედან 2 % დასაქმებულს შრომის ყოველთვიური ანაზღაურებიდან აკლდება, 2%-ს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილ 2 %-ს კი სახელმწიფო გადარიცხავს საპენსიო ანგარიშზე.
საპენსიო ასაკის მიღწევიდან ნებისმიერ დროს, პირი დაგროვილი საპენსიო თანხის ყოველთვიურად გატანას განცხადების საფუძველზე დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ საპენსიო სისტემაში ჩართულ პირებს თავიანთი ფინანსური ანგარიშის შემოწმების საშუალება ყოველდღიურად, საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ექნებათ. ამასთან, მათ საშუალება მიეცემათ, თვალი ადევნონ, მისი თანხა რა აქტივებშია განთავსებული და როგორია აღნიშნული აქტივების ფასი.
ნიკოლოზ ესიტაშვილი