კახეთში პიროტექნიკით 7 ადამიანი დაშავდა
კახეთში პიროტექნიკით 7 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებით უკვე მიმართეს სამკურნალო დაწესებულებებს.
ორი ადამიანი თავდაპირველად თელავის რეფერალური საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა შემდეგ მათი გადაყვანა თბილისში გახდა საჭირო, სადაც მიკროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. როგორც knews.ge-ს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, მათ ჰქონდათ ხელის მძიმე ტრავმა.
“თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პიროტექნიკით დაშავებული ქალი და მამაკაცი შემოვიდნენ. ქალს უფრო მეტად ჰქონდა მტევანი დაზიანებული. საჭირო იყო, რომ ორივე მათგანს კონსულტაცია გაევლო მიკროქირურგთან, ამიტომ ისინი თბილისში გადაიყვანეს. დაზიანებები საკმაოდ სერიოზული იყო და ოპერაცია დროზე რომ არ გაკეთებულიყო, შესაძლოა ხელის მტევნების ამპუტაციის საშიშროება დამდგარიყო”, – განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.
პიროტექნიკით დაშავდნენ წნორსა და ლაგოდეხშიც. ლაგოდეხის კლინიკაში ოპერაციული ჩარევის შემდეგ დაშავებულს ხელის მტევანი შეუნარჩუნეს.
დაზიანებები სავარაუდოდ, ძველმა პიროტექნიკამ ან მისმა არასწორმა გამოყენებამ გამოიწვია.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი